33



33.1.   არბიტრაჟი დავას იხილავს დაჩქარებული წესით თუ:

ა)  სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჯამი არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს;

ბ)  საარბიტრაჟო დავა წარმოშობილია საბაკო გარანტიის, საკრედიტო,  ან/და  მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან (გირაო, იპოთეკა, თავდებობა,  მოვალის გარანტია და სხვ.) მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა.

გ)  მხარეები საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით და მიიღებენ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თანხმობას.

დ) სადაზღვევო პოლისის პრემიის გადახდასთან  და მისი უზრუნველყოფის საშუალებებთან  დაკავშიერბული დავები, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა.

33.2.  იმ შემთხვევაში, თუ 33.1. პუნქტის ,,ა.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემხთვევაში სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების ჯამი აღემატება ასი ათას ლარს, საარბიტრაჟო დავის განხილვისას ამ მუხლის გამოყენება არ მოხდება.

33.3.  საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება ამ დებულებისა და ქვემოთ მოცემული სპეციალური წესების შესაბამისად, რომელთა შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლში მოცემული წესები.

33.4.  ამ მუხლის მიზანია უზრუნველყოს დავის განხილვა მარტივად, ნაკლები ხარჯით და მოკლე დროში, დავის განხილვის ქვემოთ მოცემული გამარტივებული პროცედურებით:

ა)  საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნავს არბიტრს  DRC-ის მიერ დამტკიცებულ არბიტრთა სიიდან. სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ან DRC-ის სამდივნოს უფროსი (გენერალური მდივანი) დანიშნავს არბიტრს DRC-ის არბიტრთა სიიდან.

ბ)  იმ შემთხვევაში თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებას 3 არბიტრით, თითოეულმა მხარემ არბიტრობის ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელთან და საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად. კანდიდატურის არბიტრად დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას იღებს DRC-ის სასამართლო, რომელიც ასევე ნიშნავს მესამე არბიტრს - საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი მხარე არ წარადგენს არბიტრობის კანდიდატს საარბიტრაჟო სარჩელთან და საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად, ჩაითვლება, რომ მხარეებმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავა განიხილოს ერთმა არბიტრმა, რომელიც დაინიშნება ამ პუნქტის ,,ა.“ ქვეპუნქტის  შესაბამისად.

გ)  არბიტრს უფლება აქვს გადაწყვიტოს პროცედურული საკითხები, მათ შორის შეუძლია განსაზღვროს პროცედურული ზომები და პროცედურული განრიგი. არბიტრს შეუძლია ცალკეული პროცედურული საკითხისათვის გაითვალისწინოს ამ დებულებით გათვალისწინებულზე უფრო მცირე ვადები.

დ)  მხარეებმა საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი უნდა შეადგინონ დებულების მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გადმოსცენ ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი არგუმენტები და სასარჩელო მოთხოვნები.

ე)  საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი. ამასთან, მოსარჩელემ შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე.

ვ)  მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები, ასვეე დებულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ სარჩელთან და შემხვედრ სარჩელთან ერთად.

ზ)  საარბიტრაჟო განხილვის დროს ყველა შეტყობინების/გზავნილის მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფორმით დებულების მე–5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად. ელექტრონული ფორმით შეტყობინების/გზავნილის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების/გზავნილის მიწოდება განხორციელდება დებულების მე–5 მუხლის შესაბამისად.

თ)  არბიტრს შეუძლია, თუ სასარჩელო მოთხოვნების ღირებულება არ აღემატება 50,000 ლარს, გადაწყვეტილება მიიღოს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

ი)  არბიტრს შეუძლია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს მოსთხოვოს წერილობითი პოზიციის წარმოდგენა ან მოიწვიოს სხდომა მხარეთა პოზიციების მისაღებად.

კ)  მხარეებს აქვთ შესაძლებლობა სარჩელი და მასზე შესაგებელი, ასევე წერილობითი მტკიცებულებები წარუდგინონ DRC–ის სამდივნოს ელექტრონული ფორმით, DRC–ის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით.

ლ)  არბიტრის კომპეტენციაში შედის გადაწყვიტოს აუნაზღაურდეს თუ არა საარბიტრაჟო დავის მხარეს არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯი და გონივრული იურიდიული ხარჯი.

მ)  საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ტრიბუნალმა მოკლედ უნდა მიუთითოს იმ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებისას, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული, რომ საფუძვლების მითითება (სამოტივაციო ნაწილი) არ არის აუცილებელი.

ნ)  არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაასრულოს მისთვის საქმის გადაცემიდან 90 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში, DRC–ის სასამართლოს შეუძლია  გააგრძელოს ეს ვადა.

ო)  არბიტრმა საარბიტრაჟო განხილვის დასრულების თარიღის შესახებ უნდა აცნობოს DRC–ის სამდივნოს და შემდგომი ათი დღის ვადაში მიაწოდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი ფორმალური შემოწმებისათვის. ფორმალური შემოწმების დასრულების შემდეგ არბიტრმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას უნდა მოაწეროს ხელი, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების ადგილი და თარიღი.

 








უპირატესობები