32



32.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს DRC–ს სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

32.2. მხარის მიმართვის საფუძველზე, ტრიბუნალს, ხოლო მის ფორმირებამდე DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც საგანგებო არბიტრი, მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეუძლია წერილობითი გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ;

ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლებელია აღსრულდეს შემდგომში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

32.3. მხარე, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს DRC-ს (ან ტრიბუნალს) ამ მუხლის 32.2. პუნქტის „ა.“–„გ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს ტრიბუნალის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

32.4.არბიტრაჟი უფლებამოსილია, მოთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

32.5. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.

32.6. არბიტრის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის მხარისათვის აქვს სავალდებულო ძალა გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის დღიდან.

32.7. ტრიბუნალი უფლებამოსილია შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ ან საგანგებო არბიტრის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

32.8. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ წარადგენს საარბიტრაჟო სარჩელს ან უარს იტყვის ამ მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფილ საარბიტრაჟო მოთხოვნაზე, ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გაუქმების შესახებ მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.








უპირატესობები