33



33.1. არბიტრაჟი დავას იხილავს დაჩქარებული წესით თუ:

ა) სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჯამი არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს;

ბ) საარბიტრაჟო დავა წარმოშობილია საბაკო გარანტიის, საკრედიტო, ან/და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან (გირაო, იპოთეკა, თავდებობა, მოვალის გარანტია და სხვ.) მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა.

გ) მხარეები საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით და მიიღებენ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თანხმობას.

     დ) სადაზღვევო პოლისის პრემიის გადახდასთან და მისი უზრუნველყოფის    საშუალებებთან დაკავშიერბული დავები, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა.

 

33.2. იმ შემთხვევაში, თუ 33.1. პუნქტის ,,ა.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარჩელითა და შემხვედრი სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების ჯამი აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს, საარბიტრაჟო დავის განხილვისას ეს მუხლი არ გამოიყენება.

33.3. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება ამ წესებისა და ქვემოთ მოცემული სპეციალური წესების შესაბამისად, რომელთა შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლში მოცემული წესები.

33.4. ამ მუხლის მიზანია უზრუნველყოს დავის განხილვა მარტივად, ნაკლები ხარჯით და მოკლე დროში, დავის განხილვის ქვემოთ მოცემული გამარტივებული პროცედურებით:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრს DRC-ის მიერ დამტკიცებულ არბიტრთა სიიდან. სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, DRC-ის სამდივნოს ხელმძღვანელი (გენერალური მდივანი) დანიშნავს არბიტრს DRC-ის არბიტრთა სიიდან.

ბ) იმ შემთხვევაში თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებას 3 არბიტრით, თითოეულმა მხარემ არბიტრობის ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს სარჩელის რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. კანდიდატის არბიტრად დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას იღებს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარე ან სამდივნოს ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ნიშნავს მესამე არბიტრს - საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში თუ არც ერთი მხარე არ წარადგენს არბიტრობის კანდიდატს ჩაითვლება, რომ მხარეებმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავა განიხილოს ერთმა არბიტრმა, რომელიც დაინიშნება ამ პუნქტის ,,ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

გ) ტრიბუნალს უფლება აქვს გადაწყვიტოს პროცედურული საკითხები, მათ შორის შეუძლია განსაზღვროს პროცედურული ზომები და პროცედურული განრიგი. ასევე, შეუძლია ცალკეული პროცედურული საკითხისათვის გაითვალისწინოს ამ დებულებით გათვალისწინებულზე უფრო მცირე ვადები.

დ) მხარეებმა საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი უნდა შეადგინონ დებულების მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, სრულყოფილად უნდა ასახონ ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი არგუმენტები და მოთხოვნები.

ე) საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი. ამასთან, მოსარჩელემ შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე.

ვ) მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები, ასვეე წესებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ სარჩელთან და შემხვედრ სარჩელთან ერთად.

ზ) საარბიტრაჟო განხილვის დროს ყველა შეტყობინების/გზავნილის მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფორმით დებულების მე–5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად. ელექტრონული ფორმით შეტყობინების/გზავნილის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების/გზავნილის მიწოდება განხორციელდება დებულების მე–5 მუხლის შესაბამისად.

თ) თუ მხარეები შეთანხმებული არ არიან დავის განხილვის ფორმაზე და სასარჩელო მოთხოვნების ღირებულება არ აღემატება 100,000 ლარს, ტრიბუნალს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე.

ი) ტრიბუნალს შეუძლია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს მოსთხოვოს წერილობითი პოზიციის წარდგენა ან მოიწვიოს სხდომა მხარეთა პოზიციების მისაღებად.

კ) მხარეებს აქვთ შესაძლებლობა სარჩელი და მასზე შესაგებელი, ასევე წერილობითი მტკიცებულებები წარუდგინონ DRC–ის სამდივნოს ელექტრონული ფორმით, DRC–ის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით.

ლ) ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო დავის მხარისათვის ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

მ) ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოკლედ უნდა მიუთითოს იმ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები არიან შეთანხმებული, რომ საფუძვლების მითითება (სამოტივაციო ნაწილი) არ არის აუცილებელი.

ნ) ტრიბუნალმა საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაასრულოს მისთვის საქმის გადაცემიდან 90 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში, ტრიბუნალს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა.

ო) ტრიბუნალმა საარბიტრაჟო განხილვის დასრულების თარიღის შესახებ უნდა აცნობოს DRC–ის სამდივნოს და შემდგომი ათი დღის ვადაში მიაწოდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი ფორმალური შემოწმებისათვის. ფორმალური შემოწმების დასრულების შემდეგ ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას უნდა მოაწეროს ხელი, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების ადგილი და თარიღი.

 








უპირატესობები