33



,,საქმის წარმოების სისტემა“, ამ თავის შესაბამისად, დავათა გადაწყვეტის მიზნით დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის, განხილვის პროცესში შექმნილი დოკუმენტების, შენახვისა და გადაცემის დაცული საინფორმაციო სისტემაა.

332.2. ,,საქმის წარმოების სისტემის“ გამოყენებისათვის მხარეებმა, არბიტრებმა და განხილვაში ჩართულმა პირებმა უნდა გამოიყენონ ,,ინტერნეტის“ გლობალური ქსელი, ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

332.3. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ DRC-ის წარმოადგენს სამდივნოს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

332.4. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ჩართვის მიზნით თითოეულმა მხარემ DRC-ის ვებგვერდზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია მარტივი ელექტრონული ხელმოწერის გასაღებით (მომხმარებლის სახელი და პაროლი). მხარეს, შესაძლებელია, ჰყავდეს რამდენიმე წარმომადგენელი და თითოეულს სისტემაში შესასვლელად ჰქონდეს საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, საარბიტრაჟო განხილვის დაწყების ინიციატორმა მხარემ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ წარადგინოს განაცხადი (სარჩელი) საარბიტრაჟო განხილვის დაწყების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვაში ჩართულ პირებს მიეწოდებათ პერსონალური ათ (10) ნიშნა კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტების წარდგენა, გაცნობა, მიღება.

332.5. თითოეული პირი, რომელიც ,,საქმის წარმოების სისტემაში“ მოქმედებს საარბიტრაჟო განხილვის მხარის სახელით, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, განიხილება თავდაპირველად რეგისტრირებულ პირად, ხოლო შესაბამისი მომხმარებლის სახელის, პაროლის მიმღები თითოეული პირი იდენტიფიცირდება როგორც საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მხარე. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ამ პირის ნებისმიერი ქმედება განიხილება საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მხარის ქმედებად.

332.6. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ შესაბამისი საქმე არბიტრად დანიშნული პირისთვის   ხელმისაწვდომი გახდება მის ელექტრონულ ფოსტაზე სათანადო შეტყობინებისა და საქმის 10- ნიშნა კოდის მიწოდების შემთხვევაში.

332.7. ,,საქმის წარმოების სისტემაში“ დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ მხოლოდ ელექტრონული იდენტიფიცირების შემდეგ. DRC-ის სამდივნო ამოწმებს ონლაინ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას, ხსნის და ტვირთავს “საქმის წარმოების სისტემაში“, ანიჭებს პერსონალურ ათნიშნა კოდს, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს.

332.8. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მხარეები და მათი წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან, კონფიდენციალურად დაიცვან ,,საქმის წარმოების სისტემაში“ რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტა და „საქმის წარმოების სისტემაში“ შესვლისათვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ამასთან, თავად არიან უფლებამოსილნი ნებისმიერ დროს შეცვალონ მომხმარებლის სახელი და პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი და სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტა ცნობილი გახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ DRC-ის სამდივნოს. ასეთ შემთხვევაში ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მხარე თავადაა პასუხისმგებელი ყველა იმ ნეგატიურ შედეგზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს არაუფლებამოსილი პირის მიერ სისტემაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტისა და სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებას.

332.9. იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში ჩართული პირის ,,საქმის წარმოების სისტემაში“ რეგისტრირებული წარმომადგენლის უფლებამოსილება, რეგისტრირებული პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ DRC-ის სამდივნოს და დანიშნოს ახალი წარმომადგენელი, რომლის რეკვიზიტები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიაწოდოს DRC-ის სამდივნოს. ამ შემთხვევაში DRC-ის სამდივნო საქმის 10- ნიშნა კოდს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს, რათა ამ უკანასკნელს ხელი მიუწვდებოდეს ,,საქმის წარმოების სისტემაში“ არსებულ შესაბამის დოკუმენტებსა და ინფორმაციაზე.

332.10. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის თითოეულმა მხარემ სისტემატურად უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ელექტრონული ფოსტა, ასევე დაიცვას ,,საქმის წარმოების სისტემაში“ შესასვლელი პაროლის, მომხმარებლის სახელისა და საქმისათვის მინიჭებული 10- ნიშნა კოდის კონფიდენციალურობა.

332.11. ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს და მიაწოდოს ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართი, ხოლო ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, ასევე, აცნობოს DRC-ის სამდივნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მხარე იღებს პასუხისმგებლობას ყველა უარყოფით შედეგზე, რომელიც გზავნილების ადრე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე მიწოდებას მოჰყვება.

332.12. ამ მუხლის 332.11. პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართის შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ადრე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებები ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მიზნებისათვის განიხილება მხარისათვის გზავნილის შესაბამისი ფორმით მიწოდებად. თუ მოპასუხე ფიზიკური პირია, DRC-ის სამდივნო ეცდება დავის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.








უპირატესობები