334.1. ონლაინ საარბიტრაჟო საქმეს განიხილავს ერთი არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალი. „საქმის წარმოების სისტემაში“ სარჩელის რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრს DRC-ის მიერ დამტკიცებულ არბიტრთა სიიდან. სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, DRC-ის სამდივნოს ხელმძღვანელი (გენერალური მდივანი) დანიშნავს არბიტრს DRC-ის არბიტრთა სიიდან.
334.2. არბიტრი, როგორც წესი, ინიშნება DRC-ის არბიტრთა სიიდან, თუმცა, შესაძლებელია, დაინიშნოს სხვა პირიც, რომელიც თანხმდება დავის დამოუკიდებლად , მიუკერძოებლად, DRC-ის საქმის წარმოების წესების, არბიტრთა ეთიკის კოდექსისა და ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად განხილვაზე.
334.3. არბიტრის დანიშვნისას გაითვალისწინება:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) საარბიტრაჟო განხილვის ენა;
გ) გამოსაყენებელი სამართალი;
დ) დავის არსი;
ე) დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები;
ვ) არბიტრობის კანდიდატის კვალიფიკაცია;
334.4.ტრიბუნალი ვალდებულია, დაიცვას ამ თავით და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები და არბიტრთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ პრინციპები.
334.5. არბიტრის აცილების ან არბიტრის გადადგომის შემთხვევაში, არბიტრი ინიშნება 334.1 და 334.2 პუნქტით განსაზღვრული წესით.