ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხოლოდ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ონლაინ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ივარაუდება როგორც ორიგინალი დოკუმენტები.
337.2. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა, მეორე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შესაბამისობის თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გადაიხდის დამატებით საარბიტრაჟო მოსაკრებელს, დავის საგნის ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამგვარი განცხადების მიღების შემთხვევაში, ტრიბუნალს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი მხარისგან ორიგინალი დოკუმენტის ან მისი დამოწმებული ასლის წარდგენა.
337.3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შეუსაბამობის შესახებ არ დადასტურდება, დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი დაეკისრება განმცხადებელ მხარეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.
337.3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვაში წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალ დოკუმენტთან შეუსაბამობის შესახებ დადასტურდება, დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი დაეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.
337.4. ტრიბუნალს შეუძლია მხარეებისაგან გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, ახსნა-განმარტება ან ცალკეულ საკითხებზე პოზიციის წარდგენა.
337.5. ონლაინ სააბიტრაჟო განხილვაში მხარის მიერ პოზიციის წარუდგენლობა არ აბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას და ტრიბუნალს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღოს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
337.6. თუ მხარე, რომელსაც ტრიბუნალმა მოსთხოვა დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულებების წარდგენა, არ წარადგენს მათ საპატიო მიზეზის გარეშე, ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
337.7. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა სრულდება შესაგებლის წარდგენიდან ან წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან მე-15 დღეს, ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლისას, რის შემდეგაც საქმეში დამატებითი პოზიციების, ახსნა-განმარტების ან მტკიცებულებების მიღება არ დაიშვება.
337.8. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა ტარდება მხარეთა მოსმენის გარეშე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
337.9. ტრიბუნალი უფლებამოსილია, საქმეში არსებული მასალის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ონლაინ საარბიტრაჟო საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ, აღნიშნულ შემთხვევაში დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი არ გადაიხდება.
337.10.მხარე(ებ)ს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა ონლაინ საარბიტრაჟო საქმეზე ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, შესაგებლის წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როცა მხარე ითხოვს ზეპირი მოსმენის დანიშვნას, მან ამისათვის უნდა გადაიხადოს ზეპირი მოსმენის გამართვისათვის დაწესებული დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი დავის საგნის ღირებულების 1 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ზეპირი მოსმენის დანიშვნის საკითხს წყვეტს ტრიბუნალი.
337.11. ტრიბუნალი თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეიძლება მხარეებს მოუსმინოს ვიდეოკონფერენციის ან ტელეკონფერენციის საშუალებების დახმარებით. გამონაკლის შემთხვევაში, ასევე შეუძლია, DRC-ის ოფისში ან სხვა ადგილას მოიწვიოს მხარეები და მოუსმინოს მათ.
337.12. მხარეთა მოსმენის შესახებ ტრიბუნალმა მხარეებს უნდა შეატყობინოს მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე.
337.13. ზეპირი მოსმენის დროს, სამდივნო ახორციელებს ჩაწერას.
337.14. საპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, ტრიბუნალს შეუძლია განაახლოს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა, თუ მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია საქმის გარემოებათა გამოსაკვლევად.