32



32.1.  საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს DRC–ს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

32.2.  მხარის მიმართვის საფუძველზე, ტრიბუნალს, ხოლო მის ფორმირებამდე DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც საგანგებო არბიტრი, მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეუძლია წერილობითი გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს:

ა)  საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

ბ)  ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ)  ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ)  მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

32.3.  მხარე, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს DRC-ს (ან ტრიბუნალს) ამ მუხლის 32.2. პუნქტის „ა.“–„დ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა)  საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ)  საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ)  არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს  ტრიბუნალის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

32.4.  ამ მუხლის 32.2. პუნქტის „დ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის 32.3. პუნქტის „ა“–„ც“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც არბიტრაჟი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

32.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მოთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

32.6.  მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.

32.7.  არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის მხარისათვის აქვს სავალდებულო ძალა გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის დღიდან.

32.8.  არბიტრაჟი უფლებამოსილია შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ ან საგანგებო არბიტრის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

32.9.  იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ წარადგენს საარბიტრაჟო სარჩელს ან უარს იტყვის ამ მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფილ საარბიტრაჟო მოთხოვნაზე, არბიტრაჟი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებ(ებ)ის გაუქმების შესახებ მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.








უპირატესობები