5



შეტყობინებები და მხარეებთან კომუნიკაცია

 

5.1. ნებისმიერი შეტყობინება ან კომუნიკაცია მხარესთან უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, გარდა 5.6. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შეტყობინება (კომუნიკაცია) უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღის შესახებ ჩანაწერი ან დადასტურება.

5.2. ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი (დოკუმენტები) ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენელისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:

ა) არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებულ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე; ან

ბ) „ა’’ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების არ არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე; ან

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მისამართის არ არსებობის შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნის მომენტში DRC–სათვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე);

5.3. შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ:

ა)     არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან კომუნიკაციის სხვა საშუალებაზე); ან

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან კომუნიკაციის სხვა საშუალებაზე); ან

გ) ამ პუნქტის ,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნის მომენტში DRC–სთვისადრესატის ცნობილ უკანასკნელ ფაქსის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ექვივალენტზე) (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.4. შეტყობინება/გზავნილი, ამ მუხლის 5.2 პუნქტის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის მისი გადაცემის დღეს ან მისი გადაცემის მცდელობის დღეს. ადრესატისათვის ამ მუხლის 5.2 პუნქტის ა) ან ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისამართზე მიწოდებული შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მიმღებს უფლებამოსილება მიეღო შეტყობინება ადრესატის სახელით ან მისთვის გადასაცემად. ელექტრონული გზავნილი/შეტყობინება მიღებულად ითვლება მისი გაგზავნის დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტრონული საშუალებით გზავნილზე იმავე საშუალებით მიღებულია შეტყობინება, რომ ადრესატს ელექტრონული გზავნილი არ მიუვიდა.

5.5. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი სამდივნოს უნდა გადაეცეს იმდენ ეგზეპმლარად, რომ თითოეულმა არბიტრმა, თითოეულმა მხარემ და სამდივნომ მიიღოს თითო ეგზემპლარი. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მხარეთათვის მიწოდებული ნებისმიერი შეტყობინების/გზავნილის ასლი უნდა გადაეცეს სამდივნოს.

5.6. DRC–ს სამდივნოს შეუძლია შეტყობინება მიაწოდოს ადრესატს ან მის წარმომადგენელს ტელეფონით, რის შესახებაც დგება ოქმი, რაც სათანადო ფორმით განხორციელებულ გადაცემად ჩაითვლება და არ არის აუცილებელი იგივე ინფორმაციის ამ მუხლის 5.2. ან 5.3. პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით გადაცემა.

5.7. DRC–ის სამდივნო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, შეტყობინების რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.

5.8. ნებისმიერი შეტყობინება/გზავნილი უნდა ჩაითვალოს მიღებულად მაშინ, როცა ადრესატმა პირველად მიიღო შეტყობინება 5.2., 5.3. ან 5.6. პუნქტის შესაბამისად. ამ მიზნებისათვის ვადა დადგენილი უნდა იყოს შეტყობინების მიღების ადგილის ადგილობრივი დროის მიხედვით. როცა ამგვარი შეტყობინება ეგზავნება ერთზე მეტ მხარეს, ამგვარი შეტყობინება თითოეული მხარისათვის უნდა ჩაითვალოს მიღებულად იმ თარიღის მიხედვით, როცა ის გადაეცა ბოლო ადრესატს 5.2., 5.3. ან 5.6. პუნქტის შესაბამისად.

5.9. საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს DRC-ის სამდივნოს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის (მათ შორის ტელეფონის, ელ. ფოსტის მისამართის) შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ.








უპირატესობები